„ქართუ ბანკის“ იურისტები პროკურატურისგან გამოხმაურებას ელოდებიან. ბანკმა პროკურატურას ყოფილი გენერალური დირექტორისა და სამეთველყურეო საბჭოს წევრების წინააღმდეგ გუშინ მიმართა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მზია თოდუამ განაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ დროებით მმართველს ვლადიმერ უგულავას და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს კეთილსინდისიერად შეესრულებინათ მოვალეობა და ბანკისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით ემოქმედათ, 24 ივლისს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც 4 დეველოპერული კომპანიისთვის ჯამში 50 ათასი აშშ დოლარის კრედიტების გაცემას ეხებოდა.
თოდუას თქმით, ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგები ცნობილი იყო დროებითი ხელმძღვანელობისთვის, რადგან ბანკს საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.
მისივე განმარტებით, დეველოპერულმა კომპანიებმა სესხების გაცემის თხოვნით, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, ერთსა და იმავე დღეს, 23 ივლისს მიმართეს ბანკის დროებით გენერალურ დირექტორს ირაკლი ზარქუას, რომელმაც ყველა პროცედურის უგულვებელყოფით, მეორე დღესვე გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულებები.
„დროებითი ხელმძღვანელობა მოქმედებდა არა იმ მიზნით, რომ მიეღო ბანკისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები, არამედ იმ განზრახვით, რომ მათი ქმედება ზიანის მომტანი ყოფილიყო და ბანკს ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები შექმნოდა. მაგალითად, დაერღვია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივები, რომელიც იწვევს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლას, ლიკვიდაციის დაწყებას და ლიცენზიის გაუქმებას“-განაცხადა თოდუამ.
მისივე განმარტებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი მოითხოვს, რომ ბანკის საქმიანობას ხელმძღვანელობდეს არანაკლებ 3 დირექტორისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო - დირექტორატი, დროებითმა მმართველმა კი, კანონის მოთხოვნის დარღვევით გააუქმა დირექტორატი, შესაბამისად, ზარქუა არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად გადაეწყვიტა კომპანიებთან საკრედიტო ხელშეკრულებების დადების საკითხი. იურისტის განმარტებით, გარდა ამისა, სესხების გაცემის დროს უამრავი პროცედურა დაირღვა.
ბანკის საზედამხედველო ორგანომ, დროებითი მმართველობის გაუქმების შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულებების კანონიერების საკითხი განიხილა და ისინი ბათილად გამოაცხადა. ზემოაღნიშნული პირების წინააღმდეგ კი, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, ხოლო კომპანიებთან 24 ივლისს დადებული ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს.

















