მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირაკლი აგლაძის ადვოკატები მალხაზ ჯანგირაშვილი და დავით კორკოტაშვილი სასამართლო პროცესზე მედიასაშუალებების დასწრებას ითხოვენ.
როგორც დღეს ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები თავდაყირა დააყენებს ბრალდების ვერსიას.
ადვოკატების განცხადებით, საქმე უხეში დარღვევებით მიმდინარეობს. ირღვევა აგლაძის დაცვის უფლება, სასამართლომ არ განიხილა ის მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ შემთხვევის დროს, ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას და რომ თავდამსხმელი ორი პირი იყო.
ადვოკატების განმარტებით, გამოძიებისას გამოიკვეთა, რომ ბრალდება გაყალბებულია და აგებულია ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე.
როგორც მალხაზ ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ ცრუ მოწმეების წარდგენა ხდება, უტყუარი მტკიცებულება კი, რომელიც ირაკლი აგლაძის აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებს, არ არსებობს.
„ვინადიან, ბრალდება აშკარად უსუსურია, დაიწყო საინფორმაციო შეტევა ყალბი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა და დააზუსტა, რომ აგლაძე მხოლოდ პირობით სასჯელს იხდის, იარაღის უკანონო ტარებისთვის.
ამ დროისთვის, საქალაქო სასამართლოში ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.
ირაკლი აგლაძეს 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

















