თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა
და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღებისთვის და ძარცვისთვის ორჯერ ნასამართლევი ბ.ლ. და ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ჩ. ქ.თბილისში, ა.ლ.-ს და ს.ლ.-ს საცხოვრებელ სახლში დანით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს, რის შემდეგ დაზარალებულებზე ფიზიკურად იძალადეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.ლ.-ს კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ბ.ლ.-მ და ზ.ჩ.-მ საგამოძიებო ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ნიმუშების აღების შესაძლებლობა არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასამართლოს ამ განჩინების შინაარსს იცნობდნენ, რითიც სამართალდამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაში განზრახ შეუშალეს ხელი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ჩ-ს 10 წლით, ხოლო ბ.ლ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

















