„ფონდი ქომაგის“ ადვოკატები ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებთ, სარჩელს ევროპულ სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა განუცხადა, ევროპულ სასამართლოში შესატანად სარჩელს „ქომაგის“ შემომწირველი, ემიგრაციაში მყოფი ბიძინა გიორგობიანიც ამზადებს.
მეტრეველის თქმით, გიორგობიანი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაუხდელობის შემთხვევაში მას არაფერი ემუქრება, რადგან გიორგობიანი საქართველოს მოქლაქე არ არის და საქართველოში მას ქონება არ გააჩნია.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას - გიორგობიანის მიერ შემოწირული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ, „ქომაგის“ თავმჯდომარის ცნობით, აღნიშნული თანხა ქომაგის ანგარიშიდან უკვე ჩამოიჭრა.
„ჩვენი ანგარიშიდან თანხა უკვე წაღებულია. მათ შეგვატყობინეს, რომ სამი დღის ვადაში თანხა ნებაყოფლობით უნდა გადაგვერიცხა. თუმცა, ჩვენ ამას ვერ მოვახერხებდით, რადგან ჩვენი თანხები დაყადაღებული იყო და მისი განკარგვა არ შეგვეძლო. ამიტომ, ანგარიშიდან თანხა თვითონ ჩამოჭრეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ მეტრეველმა და დასძინა, რომ „ქომაგი“ თანხას ნებაყოფლობით არ გადაიხდიდა.
მისივე თქმით, ფონდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, შემოწირველთა რაოდენობა არ შემცირებულა. ასევე, იზრდება დახმარების მთხოვნელთა რიცხვიც.
„საფრთხე ისევ არსებობს, მთელი საქართველო დაყადაღებულია და უკვე სასაცილო გახდა ეს ყველაფერი, თუმცა, მთელი ემიგრაცია ფეხზე დადგა ქომაგის დასახმარებლად, გვეხმაურება უამრავი ემიგრანტი და აგროვებენ თანხებს, რათა დაეხმარონ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც „ქომაგს“ მიმართეს“- აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე თქმით, უკიდურეს გაჭირებაში მყოფი ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა და ფონდს არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირები, არამედ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებიც აკითხავენ.
„ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა და დახმარების მთხოვნელთა რაოდენობაც დიდია. არამხოლოდ პოლიტიკური, სოციალური ვითარებაა უმძიმესი. მოდიან ისეთებიც, რომელთაც მკურნალობა და ოპერაციები სჭირდებათ და თვითონ ვერ ახერხებენ თავი გადაირჩინონ, ან ლუკმა-პური იშოვონ. ჩვენ ვაგრძლებთ მათთან გასაუბრებას და კანონის ფარგლებში, ვეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ“- აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ევროპულ სასამართლოში შესატანად სარჩელის მზადება მალე დასრულდება, ფონდს სხვა გეგმებიც აქვს, თუმცა, ამაზე საუბრისგან „ქომაგის“ თავმჯდომარე ჯერ თავს იკავებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქომაგის“ შემომწირველი ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ანგარიშზე გადარიცხული თანხის - 90 000 ევროს ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კოალიცია „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული. ხოლო ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა თანხის გადარიცხვით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესები დაარღვია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა გიორგობიანს ფონდისთვის გადარიცხული 90 ათასი ევროს ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა, ხოლო „ქომაგს“ გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა დაეკისრა.

















