თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის საჩივარი არ განიხილა.
კალაძის ადვოკატის შალვა თადუმაძის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძის საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვა დაბლოკა. საჩივარი კალაძის ანგარიშებიდან ყადაღის მოხსნის საკითხს ეხებოდა.
მისი განცხადებით, ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლისგან წერილი მიიღეს, სადაც კანცელარიის განყოფილების სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი ნიკოლოზ მარგველაშვილი უარს ეუბნება დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
ოფიციალურ წერილში საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ კახი კალაძე ამ საქმეში არ არის ბრალდებული და არ წარმოადგენს მხარეს, რის გამოც მისი შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.
კალაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ აბსურდად აფასებს. მისი თქმით, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი არ არის უფლებამოსილი დაცვის მხარის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს, ხოლო ის, რომ კალაძე აღნიშნულ საქმეში ბრალდებულად არ მიიჩნევა, კიდევ ერთხელ ადასტურებს პროკურატურის გადაწყვეტილების არასამართლიანობას.
„ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ პროკურატურა და სასამართლო დაკავებულია კახი კალაძის პოლიტიკური დევნით“- განაცხადა თადუმაძემ.
კალაძის პირადი საბანკო ანგარიშები საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 25 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კახა კალაძის საბანკო ანგარიშიდან 1 600 000 ლარამდე თანხის, ნაღდი ფულის სახით გატანა ეტაპობრივად განხორციელდა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

















