სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი
გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სიახლის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი გამარტივდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, გზებზე მოძრაობა მნიშვნელოვნად განიმუხტება და ადამიანური რესურსი დაიზოგება. სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხება.
ამავე რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ახალი ამერიკული მოდელი ინერგება, რაც სტანდარტულ, 2 კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას გულისხმობს, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ. შედეგად, მეტი ყურადღება ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს დაეთმობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა, მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ.

















