არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანებით „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებები, საქართველოსთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქართველო ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უცხოეთში გადახვეწილ მოქალქეებს იურიდიულ საფუძველს აცლის ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ საზღვარგარეთ, მათ პირდაპირ ანიჭებს არალეგალის სტატუსს და ქმნის მათი სამშობლოში დეპორტაციის საფუძველს.
ამასთანავე, საქართველო უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას იმყოფებოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან პოლიტიკურ–სამართლებრივ კავშირში და საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებით მონაწილეობდნენ ქვეყნის საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში.
„ახლგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული ცვლილებები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლებელია შეფასდეს სადამსჯელო ღონისძიებად საქართველოს დიასპორების მიმართ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში სისტემატურ აქციებს მართავენ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ.
საგარეო საქმეთა მინისტრის 11 ივლისის #158 ბრძანებით, „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია საკონსულოს მიაწოდოს ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან.

















