საქართველომ ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტის უსაფრთხოების
ექსპერტთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება.
შსს-ს ინფორმაციით, მეხიკოში ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის (ESCA) დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტის უსაფრთხოების ექსპერტთა მე-2 შეხვედრა გაიმართა. საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) მეგობარი ქვეყნის სტატუსით იქნა მიწვეული. საქართველოს დელეგაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია ხელმძღვანელობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღნიშნულ შეხვედრაში შსს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე მონაწილეობდა.
სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ წარადგინა საკუთარი შეთავაზება საქართველოს შსს აკადემიის ბაზაზე ცენტრალური ამერიკის პოლიციის ოფიცრების გადამზადების თაობაზე.
აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა მექსიკის, ჰონდურასის, გვატემალის, ელ-სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკისა და დომინიკის რესპუბლიკის დელეგატებთან, რომლებთანაც განხილულ იქნა საქართველოს გამოცდილების გაზიარება უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების სფეროში.

















