საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებსა და კოალიციის მიერ
ჩატარებული ალტენატიულ „კარდაკარში“ მონაწილე 15 პირს, რომელთა საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ამ ოპერაციის საფუძვლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ.
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო ანგარიშები ასევე დაუყადაღეს „ქართული ოცნების“ 4 აქტივისტს ზუგდიდში, ხოლო ყადაღის დადების საფუძველი და მტკიცებულებები კი ყველა მათგანისთვის უცნობია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გამო დაყადაღებული ანგარიშების მფლობელები რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
საია განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობა ყადაღის რამდენიმე სახეს იცნობს, რომლებიც განსხვავებული რეგულირების სფეროში არიან მოქცეულნი. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მხოლოდ 48 საათია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროულად მიწოდების მნიშვნელობას.
„ამ ეტაპზე უცნობია, ყადაღის რომელი სახეა გამოყენებული, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით ხდება აღნიშნული ღონისძების გამოყენება ან რომელი კანონი უდევს მას საფუძვლად“-ნათქვამია საიას განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას მასშტაბური ხასიათი აქვს და ამ დრომდე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არც ერთ უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
საიას პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ დაყადაღებული საბანკო ანგარიშების მფლობელებს ინფორმაცია დაყადაღების საფუძვლის შესახებ, თითოეულ მათგანს გადასცენ შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებები და გააცნონ საქმეში არსებული მტკიცებულებები. საია ყადაღის დადების საფუძვლების საჯარო განმარტებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვან დასაბუთებასაც ითხოვს.
ამასთან, საია მზადყოფნას აცხადებს, ყველა მოქალაქეს, რომელთაც ანგარიშები დაუყადაღეს, უფასო სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.

















