რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები საპარლამენტო არჩევნების წინ, შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა „არას“ წევრმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შიმშილობის აქციის ორგანიზებას პატიმარი მელორ ვაჩნაძე უკეთებს, რომელმაც ციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები „ხუთიანის“ დიქტატის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ დაარსა.
ჩიტაძის ინფორმაციით, პატიმრები მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყებას საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გეგმავენ.
„პატიმართა ნაწილი მასში მონაწილეობაზე თანხმობას უკვე აცხადებს. სწორედ იმიტომ ამყოფებენ ვაჩნაძეს უმძიმეს პირობებში და მძიმედ დაავადებულს სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, რომ ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ციხეშიც აგრძელებს“ – მიაჩნია „არას“ წევრს.
ჩიტაძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრად უკვე 100-ზე მეტი ადამიანია აღიარებული, პოლიტიკური ნიშნით მათი დაპატიმრების საკითხზე პოლიტპატიმრების საქმეთა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგება.
მელორ ვაჩნაძე გუშინ რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ვაჩნაძე 2009 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

















