„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე მოწმის სტატუსით იკითხება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
„სოფრომაძე დაკავებული არ არის. იგი დაკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება“- აღნიშნა ხიზანიშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძე წუხელ საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო და მას არ ეძლეოდა საშუალება ვინმესთვის შეეტყობინებინა სად იმყოფებოდა.
პარტიის ინფორმაციით, დაკითხვა სოფრომაძის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხს ეხება ჯერ უცნობია.
სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.
2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

















