საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია ბოლო დროს გახშირებული ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებს მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტთან მისვლის და მოსაზრების გამოთქმის საშუალება არ ეძლევათ, ამასთანავე, ისინი სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
საიას ცნობით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ცაიშში მცხოვრებ როზა წყაბელიასთან მიმართებაში დაფიქსირსა, რომელსაც სურდა, საკუთარი გასაჭირის შესახებ პრეზიდენტისთვის მოეთხრო. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რაომლის დროსაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ, არ მისცეს ინტერვიუს დასრულების საშუალება და იძულების წესით გაათრიეს შემთხვევის ადგილიდან.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მედიისა და ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მოძალადეების მიერ მოქალაქის იძულების წესით გაყვანის ფონზე ჩანს პოლიციელი, რომელიც დანაშაულზე კი არ ახდენს რეაგირებას, არამედ კამერას უშლის ხელს გადაღებაში.
მოგვიანებით, ერთ-ერთი მედიასაშულებისთვის მიცემულ ინტერვიუში წყაბელია სრულად ყვება იმ ძალადობის შესახებ, რაც თავს გადახდა. ის ამბობს, რომ 4-მა პირმა, რომელთაგან 2-ს პირადად იცნობს და დანარჩენი 2-ის ამოცნობაც შეუძლია, იგი ძალის გამოყენებით წაიყვანა და ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის სარდაფში შეაგდო. სარდაფში მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია მივიდა, რომელმაც, წყაბელიას მხრიდან თვითმკვლელობის მუქარის შემდეგ, მოძალადეებს მისი გაშვებისკენ მიუთითა. წყაბელიასთან მივიდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი ქირიაც, რომელმაც, წყაბელიას მონაყოლით, მოტყუებით გაიყვანა ის გარეთ, სადაც შეუკრეს ხელ-ფეხი და სახლში მიიყვანეს. დაზარალებული წყაბელია იხსენებს უბნის რწმუნებულსაც, რომელიც მას ეჩხუბა და ფული შესთავაზა.
„აღნიშნული ძალადობა განხორციელდა კამერების წინ და მისი ამსახველი მდიდარი ვიდეომასალა მედიითაა გავრცელებული. წყაბელიას მონათხრობიდან ერთდროულად რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, რომელშიც რამდენიმე პირი, მათ შორის, საჯარო მოხელეები მონაწილეობენ“- აცახადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
საია როზა წყაბელიას მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებში განსაკუთრებით შემაშფოთებლად საჯარო მოსამსახურეებისა და თანამდებობის პირების მონაწილეობას მიიჩნევს.
ორგანიზაციის ცნობით, წყაბელია ინციდენტის აღწერისას ასახელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, ადგილობრივი პოლიციის უფროსს ქირიას და უბნის რწმუნებულს. დაზარალებულის მონათხრობიდან იკვეთება, რომ აღნიშნული პირები უშუალოდ მონაწილეობენ დანაშაულში, რომლის დროსაც აძლევენ მითითებებს დანარჩენ პირებს და კოორდინირებულ ქმედებებს ეწევიან.
„ჩვენთვის უცნობია, უშუალოდ ინტერვიუს მიცემის დროს ჩადენილ ძალადობაში მონაწილე პირები არიან თუ არა პოლიციის წარმომადგენლები, მაგრამ შემთხვევის ადგილას პოლიციელების ყოფნა ადასტურებს, რომ, სულ მცირე, ისინი ადგილობრივი პოლიციის თანხმობით მოქმედებენ. გამომდინარე იქიდან, შსს უკიდურესად ცენტრალიზებული სისტემაა, ჩნდება ეჭვები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების ქმედებების პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეთანხმების თაობაზე“- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ საქმე დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას საჭიროებს.
საიაში აღნიშნავენ, რომ შსს-ს მიერ განხორციელებული რეაგირება არ არის საკმარისი და არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვისთვის, საქმეზე გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ.
„ამასთან, როგორც ცნობილია, შსს-ს მინისტრის ბაჩანა ახალაიას მამა როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორია. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა განახორციელოს არა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, არამედ პროკურატურის ისეთმა მიუკერძოებელმა სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელსაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია“- აცხადებენ ორგანიზაციაში და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ როზა წყაბელიას უსაფრთხოების დაცვა გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში. ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად გამოიძიონ პრეზიდენტთან შესახვედრად მისული სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტები.

















