„ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი დროებითი მმართველის მოხსნის შემდეგ ბანკს ისევ დაუბრუნდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დროებითი მმართველის დანიშვნის შემდეგ, „ქართუ ბანკში“ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილებაც იგეგმებოდა.
ჯავახიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო შენობისა და ბანკის მომგებიანი აქტივების დიდი ნაწილის გაყიდვა.
„ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მზადდებოდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჯერ ვერ მოასწერეს სერიოზულად ვერაფრის გაფუჭება. არსებობს ეჭვი, რომ დაწყებული შენობიდან, უნდა გაეყიდათ მომგებიანი აქტივების დიდი ნაწილი და ბანკი ბოლომდე ჩაეძირათ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართუ ბანკში“ დაბრუნების შემდეგ, დირექტორთა საბჭოს ძველი შემადგენლობაც აღდგება, რომელიც დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ დაითხოვა.
„რასაკვირველია, ბანკში დირექტორთა საბჭოს ძველი შემადგენლობა დაბრუნდება. ჩვენ არ გვქონია პრობლემები რამდენიმეწლიანი მმართველობის განმავლობაში და რა საჭიროა ცვლილებების გატარება“- აღნიშნა ჯავახიშვილმა.
დროებითი მმართველი „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 12 ივლისს დანიშნა, რომელმაც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მან უკვე სრულად გადაიხადა.

















