საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, საკონსულო აღრიცხვის გასავლელად,
დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
საიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა გამოიწვიოს, ასევე, შესაძლოა, ამ პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი ხელოვნურად წარმოქმნას.
„მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის გათვალისწინება. რამდენადაც ცნობილია, რიგი ქვეყნების კანონმდებლობისთვის უცხოა დოკუმენტი „ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან“. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი სურვილის მიუხედავად რთული იქნება ამგვარი ცნობის წარმოდგენა“- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ ამასთანავე, საქართველოს მრავალი მოქალაქე საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით შესაძლებელია ამგვარი ცნობის გაცემა, არალეგალურად მყოფი მოქალაქისთვის, ასეთი ცნობის მიღება გართულდება.
საიას განმარტებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ - მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონის ეს ნორმა პრობლემატური იქნება იმ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთა კანონმდებლობა არ იცნობს „ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან“, რადგან კანონმდებლობამ შესაძლოა, ხელოვნურად გააჩინოს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.
„მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ნებიმიერი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური უფლების - არჩევნებში მონაწილეობის მიღების განხორციელებისთვის ხელშეშლა, არამიზანშეწონილია. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებას არ ახლდა შესაბამისი აუცილებლობის დასაბუთება სამინისტროს მხრიდან“ - აცხადებენ საიში.
საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადახედოს 2012 წლის 11 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს და გააუქმოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვის გასავლელად საჭირო დამატებითი ცნობის, კერძოდ - საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენის ვალდებულება.

















