საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და
სამართალდამცავ ორგანოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს.
საია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების აქციას სახელწოდებით - „გადაიხადე მხოლოდ 50%“ ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქციის მოქმედების პერიოდი იპყრობს - ის 18 ივლისს დაიწყო და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩნდება ეჭვები და კითხვები, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არ აქვს ადგილი“- აცხადებენ საიაში და განმარტავენ, რომ კომპანიის დებულების მიხედვით, მის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ უკანანსკნელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მინისტრი ამავდროულად პოლიტიკური თანამდებობის პირია და წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში შეუზღუდავი მონაწილეობის უფლებით სარგებლობს, ხოლო ურთიერთდამოკიდებულებათა ამგვარი სისტემა კარგ შესაძლებლობას ქმნის ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებისთვის.
საიაში აცხადებენ, რომ აქციის მოქმედების პერიოდი საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს, ამასთანავე, აქცია გულისხმობს დავალიანების მქონე რეგიონის აბონენტებისთვის ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას, კერძოდ დავალიანების 50%-ის ჩამოწერას, რაც შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდეს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, უწყებათშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს შეისწავლონ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზემოაღნიშნული საქმიანობა, დაადგინონ - რითია განპირობებული აქციის წარმოება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არის თუ არა ის მოგებაზე ორიენტირებული, დაადგინონ, წამახალისებელი აქციის დაგეგმვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დავალებების გაცემას კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ, ასევე, ხომ არ აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ აქცია სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“ 18 ივლისს დაიწყო.

















