საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმ საქმეების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფთა სასარგებლოდ გადაწყდა.
როგორც საიას პრესსამსახური აცხადებს, ორგანიზაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა 79 წლის ქალს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდა. ასევე, საიას ჩარევით, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით.
საია-ს წარმატებულ საქმეებს მიეკუთვნება ასევე სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, რაც სადაზღვევო კომპანიას ორგანიზაციის ჩარევით დაეკისრა.
ამასთან, საიას დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეს დაუბრუნდა ავტომანქანა, რომელსაც ბრალდების მხარე დანაშაულის საგნად მიიჩნევდა.
ორგანიზაციის წარმატებული საქმეების სია კიდევ რამდენიმე საქმეს მოიცავს.

















