არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ სარჩელის განსახილველად კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა დაარღვია.
მათივე ცნობით, ავადმყოფი პატიმარი მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ მის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ერთობლივი კომისია უფლებამოსილია უსინათლო პატიმარი ვადამდე გაათავისუფლოს.
„იმის გამო, რომ კომისიამ უსინათლო პატიმრის შუამდგომლობა არ განიხილა, ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ საქალაქო სასამართლოს მიმართა კომისიისთვის მიეცა დავალება კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არათუ დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა, არამედ, თავად დაარღვია კანონი, რადგან სარჩელის შეტანიდან 3 თვე გავიდა, მოსამართლე კი, შვებულებაში წავიდა“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ინფორმაციით, რეალურად ერთობლივი კომისია არ განიხილავს საქმეებს და ის ბუტაფორიული ორგანოა, რასაც გარკვეულწილად ამ საკითხისადმი სასამართლოს დამოკიდებულებაც ადასტურებს.

















