„ქართული ოცნება“ პოლიტიკური დევნის შედეგად კოალიციის დაპატიმრებული წევრებისა და მხარდამჭერების უფლებებისთვი
ს ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით გააგრძელებს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „კონსერვატიული პარტიის“ აღმასრულებელი მდივნისა და „ეროვნული ფორუმის“ წევრების დაკავების შესახებ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საელჩოებს უკვე ეცნობა.
პრესსპიკერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრების დაკავება კანონდარღვევაა, რადაგნ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მათ ბრალი წაუყენეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, რაც საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, ხოლო თავლთმაქცური გარიგების არსებობის შემთხვევაშიც კი, მათი ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კანონდარღვევას, რომელიც ითვალიწინებს გარიგების ბათილად ცნობას ან ჯარიმას და არ ცდება კონტროლის პალატის კომპეტენციის სფეროს“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამ წევრს - მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. „ქართული ოცნების“ წევრებს ბრალად „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადება ედებათ.

















