სტუდია მონიტორის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით კრიმინალური პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „მონიტორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, ნანა ბიგალიშვილმა განუცხადა, სამართალდამცავები სტუდიის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.
სტუდია „მონიტორის“ ოფისი გუშინ გაქურდეს. თანამშრომლებმა სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სამსახურში მისულმა „მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ოფისის კარის გაღება საკუთარი გასაღებით ვერ შეძლო. შენობაში შესულებს ოფისი გაქურდული დახვდათ.
წაღებულია სამონტაჟო კომპიუტერები, ვიდეოკამერები, მეხსიერების ბარათები. დაკარგულია დასამონტაჟებელი მასალებიც.
თანამშრომლების თქმით, ოფისში სიგნალიზაცია ან დაცვის სხვა სისტემა დამონტაჟებული არ იყო, ვინაიდან სტუდია აღნიშნულ შენობაში ახლახანს გადავიდა.

















