პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული მოზარდის, თემირლან
მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მესამედ დაიბარეს.
მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილი გამოძიებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს არ ფლობს, შესაბამისად, მისი დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მისივე თქმით, სუს-ი ცდილობს შექმნას ფონი, თითქოს საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება იმ საკითხზე, რომელზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა.
"იგი არ ფლობს ისეთ ინფორმაციებს, რომელიც მნიშვნელოვანი და რელევანტური იქნება გამოძიებისთვის. თუმცა დღევანდელი დაბარება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ეს პირდაპირ ნათელი დასტურია იმისა, რომ უნდა შეიქმნას ხელოვნური სურათი, თითქოს მიმდინარეობს გარკვეული ძიება და საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება იმ საკითხზე, რომელზეც უკვე იმსჯელა სასამართლომ და დასრულდა გამოძიება"-განაცხადა კუბლაშვილმა.

















