„რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

















