არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“ დისკრიმინაციულს უწოდებს.
როგორც კაიკაციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხდა, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი შეთავაზებული მრავალმხრივი სახელშეკრულებო პირობა, არჩევნებში მხარდაჭერის მიღების მოტივით, სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკისთვის ნონსენსია.
მისივე თქმით, დოკუმენტს ხელშეკრულების ფორმა არ აქვს და მსგავსი პრეცედენტი არცერთ სახელმწიფოში არ მომხდარა.
კაიკაციშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ მოქალაქეებთან ძირითადი ხელშეკრულება 2003 წელს, ხელისუფლებში მოსვლის დროს დადო.
„აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეებთან წინარე ხელშეკრულების ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ნიშნავს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან 2003 -2012 წლებში არჩევნების გზით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის აღიარებას და ნდობის ხელმეორედ მიღების სურვილს“- განაცხადა კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილმა დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“ მოჩვენებითი გარიგება უწოდა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ჩამოყალიბებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვისა და სარჩელის შესახებ არაფერია ნათქვამი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფისთვის 6 პუნქტის დამატებას სთხოვენ.
აღნიშნულ პუნქტებს შორის მედიის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკის შემუშავება და ქვეყნაში უფასო უმაღლესი განათლების არსებობაა.
ახალ საპროგარმო დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებები ჩამოყალიბა. მმართველი პარტია დოკუმენტს საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს.
ხელშეკრულებაში „ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში უმუშევრობის განახევრებას შეძლებს და სოფლის მეურნეობის სფეროს განავითარებს. დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აწერენ.

















