შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიხეილ კალადიაზე სისხლის
სამართლის დევნის დაწყება არა მისი უწყების, არამედ პროკურატურის პრეროგატივაა.მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაციის გაცემა ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის მხრიდან ნაადრევია.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე როგორც იურისტი, შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან სისხლის სამართლის დევნის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება არაა. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუებარია ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან მსგავსი რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა, რომლებსაც უშუალოდ საქმესთან აქვთ შემხებლობა, საგამოძიებო კომისიაში ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ნაადრევია, ამასთანავე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება, იურისტებისთვის გასაგებია ალბათ, საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას. თუმცა, როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა ამ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი პროკრატურის შესაფასებელია.
ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, აი ამ კითხვებს რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით - ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე, რომ მივიდა საგამოძიებო კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“-განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიამ მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

















