სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულება
საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
კახიშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარ იარსებებს.
ამის შესახებ მინისტრმა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დახურვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ თქვენთან ერთად დავხურეთ #7 დაწესებულება. მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში არის აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება.
გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალი არ გაიხსნებოდა, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც ჰაერი ფაქტიურად არ შემოდიოდა. აქ, ზედა სართულებში ბოლო პერიოდში გვყავდა 9 ადამიანი. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს 9 ადამიანი გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში და ვიმედოვნებ, საქართველში ასეთი ტიპის დაწესებულება აღარ იარსებებს. ციხე ციხეა, მაგრამ იგი უნდა იყოს ასევე იმ სტანდარტებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც სარეჟიმო პირობები, ასევე ადამიანის უფლებები. აქ არ იყო მაინცდამაინც უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები“- განაცხადა კახიშვილმა.

















