ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დღეიდან ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს.
ღონისძიებები პროექტის „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისთვის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემცირებას ისახავს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქალთა უფლებების დაცვა გლობალური პრობლემაა, რომელიც ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.
„საჭიროა, საზოგადოების ყველა წევრი გაერთიანდეს იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ქალის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ განმარტავს, რომ ქალთა უფლებები საქართველოში მრავალი კუთხით ირღვევა, მათ შორის აღსანიშნავია ოჯახური ურთიერთობები და მემკვიდრეობა, შრომითი საკითხები, ჯანმრთელობა, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ტრენერები დაინტერესებულ ქალებს ორდღიან, უფასო სემინარებს ჩაუტარებენ. სამიზნე ჯგუფს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ რეგიონში ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ. ორგანიზაციის წარმომადგენელები, ასევე, უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ დაინტერესებულ პირებს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქალთა უფლებების შესახებ საქართველოს 14 ქალაქში - ამბროლაურში, ონში, ქედაში, ხულოში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, სამტრედიაში, წყალტუბოში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ახალციხეში, ბორჯომში, ყვარელსა და ლაგოდეხში ჩაატარებს.

















