საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან
დაკავშირებული საქმიანობის შესწავლის შემდეგ, კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დასტურდება. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის გამო შეისწავლა.
„შ.პ.ს. „პეესპე ფარმა“ 2003 წელს დაფუძნდა. 2011 წლის ბოლომდე კომპანია სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 2011 წლის ბოლოს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, კომპანიამ საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბები შეამცირა და 2012 წლის 30 მაისამდე ქველმოქმედების სახით მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ და „კათარზისს“ დაეხმარა“ ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ასევე, კომპანია რამდენიმე ფიზიკურ პირს დაეხმარა, რომლებიც ამას აუცილებლობის გამო საჭიროებდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, საკითხის შესწავლის შედეგად, კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა.
განცხადების თანახმად, ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, დადგენილი შეზღუდვების არაპირდაპირი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაციამ საქველმოქმედო საქმიანობაზე უარი თქვა. ამ მიზნით კომპანიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქველმოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც განაახლა.

















