სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების კიდევ ერთი პარტია დააყადაღა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მეორე პარტიაში დაყადაღებულია 8 000 ანტენა, ხოლო ზარალი დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.
კიკაბიძის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს წერილი მიუვიდათ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქონელი იმ განჩინების საფუძველზე დაყადაღდა, რომელიც გასულ კვირას სასამართლომ გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტენების მორიგი პარტიის დაყადაღებასთან დაკავშირებით, სასამართლოს ახალი განჩინება არ მიუღია.
„გავასაჩივრეთ, მაგრამ სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკამაყოფილა, გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ისღა დაგვრჩენია, ევროპის სასამართლოებში ვეძებოთ სამართალი. იმისთვის, რათა მსგავსი შემთხვევა ისევ არ მოხდეს, მომწოდებლებს ვთხოვე ანტენების მოწოდება შეეჩერებინათ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კიკაბიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები პირველად 11 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.
პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

















