მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული ბექა ცობეხია დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ედება.
„დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, რომლის მოტივადაც ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.
27 წლის მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მანამდე კი, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „ჯეობარში“ მონაწილეობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

















