გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ზუგდიდის პოლიციას ჩაბარდა.
ამჟამად, ცობეხია პოლიციას ჩვენებას აძლევს, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
რეჟისორისა და მსახიობის გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ 14 ივლისს გამორიყა. ანაკლიაში ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ცობეხია ანაკლიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია.
27 წლის მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მანამდე კი, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „ჯეობარში“ მონაწილეობდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

















