სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროც და მოძრაობა „თეთრი
ხმაურიც“ თანხმდება, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზატორებს.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, სახალხო დამცველის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველი ვიდეო გადასცეს.
ამის შესახებ ლომჯარიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზატორებს. შეთანხმდნენ ორ რამეზე - პირველ რიგში, შეიქმნება ორი სახის ჯგუფი. ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან. ასევე საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება.
მე შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იქნეს შემოტანილი სახალხო დამცველთან. ჩვენ თითოეულს შევისწავლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადმოგვცეს ვიდეოკადრები. ესაა სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტები“- განაცხადა ლომჯარიამ.

















