„ქართუ ჯგუფისა“ და „ბანკი ქართუს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მის
მიმართ „შავი პიარის“ აგორებას ცდილობენ.
როგორც ჯავახიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მან უკვე წარადგინა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან ჯერ არავითარი გამოხმაურება არ დაფიქსირებულა.
„დოკუმეტაცია უკვე გავგზავნეთ. ან რა იყო გასაგზავნი ან დასამალი. აუდიტის სამსახურმა არ იცოდა ეგ? ეროვნული ბანკი არ აწვდით ყოველდღიურად ინფორმაციას და არ იციან რაზეა საუბარი? ჟურნალისტები კი უნდა ხვდებოდეთ, როცა სახელმწიფო სტრუქტურა პრესის მეშვეობით ესაუბრება ვინმეს, აქ მხოლოდ შავი პიარია, მეტი არაფერი“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ბანკი ქართუს“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადგენად დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა 11 ივლისს სთხოვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6 მლნ ლარამდე თანხა ჩაირიცხა, რომელიც ჯავახიშვილმა ჩარიცხვისთანავე ბანკიდან გაიტანა.
„რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს“ - აცხადებენ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.

















