შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ბექა დოჭვირის განცხადებით,
პარტია „გირჩის“ წევრების მიმართ მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
ამის შესახებ დოჭვირმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გირჩის“ წევრების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გირჩის“ წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, კერძოდ კი იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. ეს ქმედება მათ გააგრძელეს პოლიციის განყოფილებასთან. ისინი ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და 3 ადამიანი გამოვავლინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე.
უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს“- განაცხადა დოჭვირმა.

















