პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს „ელიტა ბურჯის“ 3,4 მილიონი ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონოს უწოდებს.
როგორც ბარამიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ასევე უკანონოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „ელიტა ბურჯის“ საბანკო ანგარიშებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებაც.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული მომსახურების გამო მიიღო და უკანონო შემოწირულობების თანხა არა მომსახურების ღირებულებით, არამედ ბეჭდვის აპარატების ღირებულებით გამოითვალა.
„ისინი უკანონო შემოწირულობას მომსახურების გზით გაწევასთან დაკავშირებით გვედავებიან. შემოწირულობა კომპანიამ მომსახურების გზით თუ გასწია, მაშინ უკანონო შემოწირულობის თანხა ოფსეტური ბეჭდვის აპარატების ღირებულებით როგორ გამოთვალეს. ეს იგივეა, ტაქსისტს მომსახურების საფასური არ გადაუხადო და ეს ტაქსისტი არა მომსახურების ოდენობით, არამედ მანქანის ღირებულებით დააჯარიმონ“- განმარტა ბარამიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა კომპანიამ ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა „ელიტა ბურჯი“ უკანონო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას არ აპირებს.
ბარამიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება დღეს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნით, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისად, შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერადაა შეძენილი.
შპს „ელიტა ბურჯთან“ დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, სადაც კომპანია უკანონო შემოწირულობისთვის თანხის ხუთმაგი ოდენობით - 3,4 მლნ ლარით დააჯარიმეს.

















