„ქართუ ჯგუფის“ იძულებითი მმართველი პროცედურების უხეში დარღვევით დაინიშნა და შესაძლოა, აქციათა მართვა ასევე კანონის დარღვევით წარიმართოს.
ამის შესახებ დღეს „ქართუ ჯგუფის“ უცხოელ აქციონერთა ქართველმა ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
„კანონი მოსამართლეს ავალდებულებს, რომ მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს მოუსმინოს, რადგან შესაძლოა, მხარეს სურდეს მმართველის კანდიდატურის აცილება, მმართველის სხვა ან თუნდაც საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
მისი თქმით, სწორედ სასამართლო აძლევს მმართველს მითითებებს მის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია აქციონერისთვის.
აქედან გამომდინარე, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლო ვალდებული იყო აქციონერთა აზრი მოესმინა, თუმცა, კიკნაველიძის თქმით, არც ერთი აქციონერი პროცესის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ამასთანავე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ არსებობს მმართველის მხრიდან თვითნებური მოქმედებების საფრთხე, რაც შესაძლოა, გამოიხატოს „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლასა და ახალი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორის გადაყენებაში, რაც მას საშუალებას მისცემს ბანკის მთელი შემოსავალი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში წარმართოს.
როგორც კიკნაველიძემ „ნიუსპრესს“ განუმარტა, იქედან გამომდინარე, რომ დაყადაღებულია „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ აქციათა 100-100%, იძულებითი მმართველი არის აქციათა ასივე პროცენტის განმკარგავი და მან აქციებით მიღებული დივიდენდების ნაწილი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ უნდა წარმართოს დაკისრებული ჯარიმის დასაფარად.
„თუმცა, რადგან ისინი ისეთი ტიპის დარღვევებზე მიდიან, რაც დღეს მოხდა, არსებობს საფრთხე და ჩვენ ამის საფუძლიანი ვარაუდი გაგვაჩნია, რომ უგულავა აქციონერთა კრების ნაცვლად თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, როგორც აქციათა 100%-ის მფლობელი. იგი არ დაელოდება დივიდენდების მომავალ წელს გადანაწილებას და ბანკის მთელ შემოსავალს ბიუჯეტში წარმართავს. რაც კანონის აბსოლუტური დარღვევა იქნება“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
მისი თქმით, ვალდიმერ უგულავას შეუძლია ასევე შეცვალოს „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოები და დირექტორები.
როგორც კიკნაველიძემ განაცხადა, იძულებითი მმართველის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, მას გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. ამასთანავე, პარალელურად გრძელდება დავა აქციების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
„ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეს დაინიშნა.
„ქართუ ჯგუფს“ სულ 16 აქციონერი ჰყავს, რომლებიც უცხოური კომპანიები არიან.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 26 ივნისს დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე 10 ივლისს გაიტანა, თუმცა, ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

















