ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური რეკლამების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების წარდგენა სთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მაესტროშიც“ ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, წერილი „მაესტროში“ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მივიდა, რომელშიც ფონდ „ქომაგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების წარდგენის მოთხოვნაც იყო დაფიქსირებული.
„მოგელაძის უწყებიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც ისინი მოითხოვენ გავუგზავნოთ დოკუმენტაცია ჩვენს ეთერში განთავსებული რეკლამის შესახებ, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ შორის ფონდ „ქომაგს“ ეხება. არ ვიცი მათ ტვინებში რა იხარშება, არც ის ვიცი რატომ მოგვთხოვეს“ - გაუცხადა „ნიუსპრესს“ ღლონტმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ანტენების დაყადაღება ისეთივე აბსურდულია, როგორც გაზეთისთვის ქაღალდის შემოტანის აკრძალვა.
„ყველა ბრალდება აბსურდულია, განსაკუთრებით ის - ანტენების უფასოდ დარიგებას აპირებდნენო. აპირებდნენ რას ჰქვია, დაეცადათ, შემოგვეტანა და დაედოთ ფაქტი, რომ ჩვენ უფასოდ გავავრცელეთ ანტენა. მითუმეტეს, როგორ შეიძლება ბუნებაში მოხდეს ასეთი რამ, რომ ერთმა შპს-მ მერე შპს-ს რამე დაავალოს, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების გარეშე“- აღნიშნა მამუკა ღლონტმა და დასძინა, რომ „მაესტრო“ ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით გააგრძელებს.
„ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, ჩვენ სხვა რა საშუალება გვაქვს, ქართულ სასამართლოებს მოვივლით, და შემდეგ ევროპის სასამართლოებს მივმართავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს“- განაცხადა მამუკა ღლონტმა.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

















