ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი პროკურატურისგან შპს „ელიტა ბურჯთან“ „მაესტროს“ კავშირის დამადსატურებელ დოკუმენტებს მოითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ ღლონტმა განუცხადა, მთელ მსოფლიოში საკაბელო ტელევიზიები თავისი სიგნალის გავრცელების არეალის გაფართოებას ცდილობენ და ის, რომ „მაესტრო“ თავისი მაყურებელთა წრის გაზრდას ცდილობს, ამაში გასაკვირი არაფერია.
„კარგი იქნება, თუ პროკურატურა დადებს იმის დამადასტურებელ საბუთს, რაშიც ბრალს გვდებს. როგორც ჩანს ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩვენ გვყავს თანადამფუძნებელი და თანამესაკუთრე მაკა ასათიანი, რომელსაც იმდენი საშუალება აქვს, რომ სულ არ სჭირდება კონტაქტი არც „ბურჯებთან“ და არც არავისთან“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ღლონტმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი ანტენები, რომელიც ამ დროისთვის საბაჟოზეა გაჩერებული, უკვე დააყადაღეს.
„CNN“-მა, რომ დააყენოს თეფშები და ამერიკის მთავრობამ დაუყადაღოს - დაახლოებით ასეთ სისულელეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება“- აღნიშნა ღლონტმა.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა.
განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა.
პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ტელეკომპანია „მაესტრო“, აქციის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დამონტაჟებას უფასოდ აპირებდა.

















