„ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქალაქო
სასამართლოსგან დამატებით განმარტებებს მოითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა განუცხადა, აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება იმის თაობაზე, რომ იძულებითი მმართველი მესაკუთრის ყველა უფლებით ისარგებლებს, განმარტებას და დეტალების დაკონკრეტებას საჭიროებს.
„თუ სასამართლომ არ მიიღო რამე უფრო დეტალური გადაწყვეტილება, ვერ ვხვდები, საით შეიძლება ეს წავიდეს. სწორედ სასამართლოს მხრიდან ველოდები დაზუსტებას. სასამართლო გადაწყვეტილებაში მაინც უნდა ეწეროს ე.წ. მმართველის უფლებები რას გულისხმობს, რადგან კანონში ეს არ წერია. ამიტომ, რას ჩაუდებენ მას უფლებაში არ შემიძლია გითხრათ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, გაურკვეველია ისიც, თუ რას მოიმოქმედებს იძულებითი მმართველი იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე კრედიტის თანხის ამოღების მიზნით.
„თუ მმართველს, როგორც ცივილიზებულ მსოფლიოშია, მხოლოდ მოგებიდან მისაღები დივიდენდის წარმართვის უფლება ექნება, ამ შემთხვევაში, ვალის ამოღებას 300 წელი დასჭირდება. თუკი, ყველაფრის გაყიდვის უფლება ექნება, შესაძლოა, კრედიტის ამოღებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდეს“- განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის, სასამართლომ „ყველა უფლებით“ სარგებლობის შინაარსი უნდა დააკონკრეტოს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.
მათივე ცნობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღრუსების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც გუშინ დასრულდა და რომელზეც აღნიშნული ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდასაც იგი არ აპირებს.

















