ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ დაკავებული გოჩა ყულეჭიშვილი ავზის უსაფრთხოებაზე
პირადად იყო პასუხისმგებელი.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია „სენტიმელ ჯიემჯი“ და პირადად გოჩა ყულეჭიშვილი იყო ქლორის ავზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები“ - განმარტა ხიზანიშვილმა.
დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ავზიდან კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის გამო, 3 ივლისს, ლილოს საქნავთის დასახლებაში 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის, ბავშვები და ფეხმძიმე ქალები, ხოლო 18 წლის ლაშა ნარიმანიძე დღეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
პოლიციამ ქლორის გაჟონვის საქმეზე კომპანია „სენტიმელ ჯიემჯის“ წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დღეს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მიერ დაკავებულ ყულეჭიშვილს ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით - გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კონცენტრირებული ქლორით სავსე ავზის მფლობელი კომპანია „კრისტალია“, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა. მის ხელმძღვანელს ლევან დაუთაშვილს, რომელიც 6 ივლისს დააკავეს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 288-ე მუხლითაა აღძრული. დაუთაშვილს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

















