აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის
რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა.
აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს - „თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7 %სს „პროგრეს ბანკში", აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის და 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განცხადებით მომართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდასაც იგი არ აპირებს.

















