არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ჯანდაცვის მინისტრსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარეს ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში დაუყოვნებლივ ჩართვის თხოვნით მიმართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, ორგანიზაციას დახმარებისთვის ორივე ფილტვის ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებულმა გარიკ მელიქიანმა მიმართა, რომელსაც სამედიცინო დახმარება ყოველდღიურად ესაჭიროება. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მელიქიანმა დახმარებისთვის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მიმართა, თუმცა, ცენტრმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უარი მხოლოდ იმ მიზეზით უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ბინადრობის მოწმობას არ ფლობს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს მიზეზი არ შეიძლება სამედიცინო პროგრამაში მის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
„მართალია მელიქიანი მოქალაქეობის არმქონე პირია, თუმცა, ის საქართველოშია დაბადებული და აქვს საქართველოში გაცემული დაბადების მოწმობა. მთავრობის დადგენილების თანახმად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით“- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად, მელიქიანის მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტისა და სახალხო დამცველისადმი არაერთგზის მიმართვისა, დღემდე, მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ამასთან, მისი დაავადების ინფექციური ხასიათიდან გამომდინარე, ის გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის.

















