კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ქონებაზე - „ქართუ ჯგუფის“ 100%-ზე გამოცხადებული აუქციონი უკვე დასრულდა.
ონლაინ აუქციოზე „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%, რომელთა საწყისი ფასი 75 მლნ 940 ათას 330 ლარს შეადგენდა, არ გაიყიდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წესდებით, თუ სააღსრულებო წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმდინარეობს და პირველ აუქციონზე გამარჯვებული პირი არ გამოვლინდა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ამ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნება.
თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო განმეორებით აუქციონს ჩაატარებს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „პროგრეს ბანკის“ 21,7%-ის გაიტანა, რომელზე გამოცხადებული აუქციონიც 19:00 საათზე დასრულდება. მისი საწყისი ფასი 1 მლნ 783 ათას 249 ლარია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

















