არასამთავრობო ორგანიზაციები - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებას პასუხობენ.
განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოაქვეყნებულ წერილზე - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი?“ 5 ივლისს გამოაქვეყნა.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ განცხადებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცდილობს გამართლება მოუძებნოს სასამართლოს ცალკეულ ქმედებებსა და მის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რითაც ის საკუთარ უფლებამოსილებას სცდება.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საკმაოდ თამამ და ხმამაღალ დასკვნას“ უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილების შეფასებას, თუმცა, ამავდროულად, არ გვთავაზობს დასაბუთებულ არგუმენტებს ჩვენს მიერ წარდგენილი ობიექტური და მიუკერძოებელი არგუმენტების გასაბათილებლად“- აცხადებენ ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ ვერ გაიზიარებენ აუდიტის სამსახურის მოსაზრებას, რომ „ანალიზი ცალმხრივი ან არასრულია“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს „მტკიცებულებათა მთელი სპექტრი, რომლითაც ერთიანობაში ეჭვმიუტანლად საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულებათა განხორციელება“. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიზი ტენდენციურად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ორგანიზაციებმა ფაქტები არასრულად წარმოადგინეს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოყვანილი მტკიცებულებებით არათუ „ერთიანობაში ეჭვმიუტანლად არ საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულებათა განხორციელება“, არამედ სრულად არ დგინდება ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი კავშირი იურიდიულ პირებთან“- აცხადებენ ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ მათი მსჯელობა ემყარებოდა სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, არსებული მტკიცებულებებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილ მასალებს, რის საფუძველზეც აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის საქმეზე არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არ იყო კანონის შესაბამისი.
„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ღირებული დრო და რესურსი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების „ტენდენციურობასა და ფაქტების დამახინჯების მხილებაზე“ მიმართოს, ვფიქრობთ, ის პასუხისმგებლობით თავად უნდა გამოირჩეოდეს და ნაკლებად უნდა დაეყრდნოს დაუდასტურებელ მოსაზრებებს და ვარაუდებს, ხოლო სამართლებრივი არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად გამოიყენოს“ - აღნიშნავენ არასამთავრობოები და მიიჩნევენ, რომ ნაცვლად სადამჯელო მისიისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი დრო და რესურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენას და სამართალდარღვევათა პრევენციას უნდა დაუთმოს, რაც მისი საქმიანოაბის ობიექტურობაზე დადებითად აისახება და აღნიშნული უწყების მიმართ საზოგადოების ნდობას განამტკიცებს.
„ჩვენის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მივესალმებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ამასთან, გამოთქვამთ სამართლიან სურვილს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური შესწავლის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით“- აცხადებენ ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილი სახელწოდებით „რის გამო დაჯარიმდა ივანიშვილი“ 28 ივნისს გამოაქვეყნეს, რომელშიც მოყვანილი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და პროცესის მიმდინარეობის ანალიზი.
აღნიშნულ წერილს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 5 ივლისს გამოეხმაურა და ორგანიზაციები - საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ტენდენციურობაში დაადანაშაულა.

















