სააპელაციო სასამართლოს მიერ „ფონდი ქომაგისა“ და მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სარჩელზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდი „ქომაგისა“ და ბიძინა გიორგობიანის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქმეს დართული ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლთა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ქომაგი არ იყო მათთან დაკავშირებული ორგანიზაცია.
მისივე თქმით, სასამართლოს წარედგინა გერმანული ფონდის „აღმოსავლეთ ევროპა-მედია და საზოგადოების განვითარებისთვის“ წერილები და საბანკო ანგარიშის ნომრები, რითაც მტკიცდებოდა, რომ თანხა ქველმოქმედების მიზნით იქნა გადარიცხული და გადარიცხვა ბიძინა გიორგობიანმა, როგორც ფიზიკურმა პირმა ისე არ განახორციელა. დასტურდებოდა ისიც, რომ ბიძინა გიორგობიანი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.
„სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს არ გააჩნდა არანაირი პოზიცია ჩვენი მოთხოვნების გასაბათილებლად და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სააპელაციო სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება“ - განაცხადა ბარათაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქომაგისა“ და მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, რომლის თანახმადაც ბიძინა გიორგობიანს ფონდისთვის გადარიცხული 90 ათასი ევროს ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო „ქომაგმა“ გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ საქველმოქმედო ორგანზიაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე კოალიცია „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული და მასზე ორგანული კანონით განსაზღვრული რეგულაციები ვრცელდება.

















