კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონი დღეს 18:00 საათზე დასრულდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრესბანკის“ 21,7% გაიტანა.
„ქართუ ჯგუფის“ აქციათა საწყისი ფასი 75 მლნ 940 ათას 330 ლარი, ხოლო „პროგრეს ბანკის“- 1 მლნ 783 ათას 249 ლარია.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა, თუ აუქციონზე აღნიშნული დაყადაღებული ქონება არ გასხვისდა, შესაძლებელია ის სახელმწიფოს ნატურით გადაეცეს.
„ამის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ასე არ მოხდა, განმეორებითი აუქციონი ჩატარდება“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ იურისტმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წესდებით, თუ სააღსრულებო წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმდინარეობს და პირველ აუქციონზე გამარჯვებული პირი არ გამოვლინდა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ამ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნება.
თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო განმეორებით აუქციონს ჩაატარებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მისივე ინფორმაციით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და ამის გადახდას არ აპირებს.

















