ადამინის უფლებათა ცენტრი თბილისში ფოტორეპორტიორების დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ, აღნიშნულ საქმეზე გრიფის - „საიდუმლო“ მოხსნას ითხოვს.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრმა ფოტოკორესპონდენტების დაპატიმრების ფაქტი იმთავითვე სიტყვის თავისუფლების უხეშ შელახვად შეაფასა.
განცხადების თანახმად, ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები ორ კვირაში გაეთავისუფლებინა“- აცხადებენ ცენტრში.
მათივე თქმით, „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი შსს-მ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, რადგან მისი დაკავების მიზეზებით მაშინვე დაინტერესდა, როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“, ისევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა აღიარებითი ჩვენებები მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცეს.
„ამჟამად ფოტორეპორტიორები სხვადასხვა სააგენტოებში აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას. ხოლო „ფოტორეპორტიორების საქმეში“ კვლავ რჩება უამრავი კითხვა, რომელზეც ისეთ პირობებში, როცა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს პასუხის გაცემა შეუძლებელია“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, რეალურად ამ საქმეში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია თავიდანვე არ არსებობდა და გამოძიების წარმართვა გრიფით „საიდუმლო“, მხოლოდ მტკიცებულებების არარსებობის მისაჩქმალად იყო საჭირო.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შსს-ს აღნიშნული საქმის გასაჯაროებისა და ფოტორეპორტიორებისთვის უკანონოდ დაკისრებული პირობითი მსჯავრის მოხსნას მოითხოვს.
„ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც ამავე დროს გაზეთ „ალიასთან“ თანამშრომლობდა, 2011 წლის 7 ივლისს, გამთენიისას, 3:00-5:00 საათის შუალედში დააკავეს.

















