შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ
ძალადობა კვლავ გამოწვევად რჩება. მისი განმარტებით, არსებობს გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა.
ამის შესახებ მინისტრმა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებულ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და რა თქმა უნდა გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

















