საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ქვეყანამ
სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ რაიმე განცხადებების გაკეთება არასწორი ქმედებაა.
"არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქვეყანამ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია, თუმცა არა მხოლოდ შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ ყველამ უნდა იფიქროს ტერორიზმის პრევენციაზე. ამ ფონზე ყველაზე არასწორი ნაბიჯია დაუპირისპირდე და აკეთო შენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების სამსახურების საწინააღმდეგო განცხადებები", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მაჩალიკაშვილის გადასარჩენად.
"რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ ამ საქმეზე, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. დღეს უკვე ნათელია, რომ მგონი ისტორიაში პირველად გვყავს სპეცსამსახურები, რომლებიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან და მათი მოქმედებების ერთადერთი მიზანი სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაა. ამიტომ ყველა ექსპერტს თუ პოლიტიკოსს, რომლებიც საკმაოდ უცნაურ კომენტარებს აკეთებენ, მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ ამ თემას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში მაინც იფიქრონ სახელმწიფოებრივად", - განაცხადა დეპუტატმა.
პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

















