შპს „ბურჯის“ ადვოკატი მერაბ ბარბაქაძე სახელმწიფო აუდიტის მიერ „ბურჯის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არაკანონიერს უწოდებს.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე დაყადაღება კანონიერად სცნო და კომპანია დაახლოებით 8 მლნ ლარით დააჯარიმა.
ბარბაქაძის თქმით, ისეთი კანონი მიიღეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია დაყადაღება მოითხოვოს, თუმცა ამ მოთხოვნის კანონიერება სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
„ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდათ წინასწარ. პრინციპში, ფორმალურად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, თუმცა არც დაყადაღების და არც დაჯარიმების საფუძველი არ არსებობდა. ეს ყველაფერი უკანონო იყო, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილა“ - განაცხადა ბარბაქაძემ.
მისი თქმით, სასამართლოში დღესვე, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საქმესაც განიხილავენ, რომელზეც სავარაუდოდ, კომპანიას 5 მლნ ლარით დააჯარიმებენ.
„როდესაც ერთ საათში კომპანიას თითქმის 14 მილიონით არაფრის გამო დააჯარიმებ და მთელ საქმიანობას უბლოკავ, ეს კომპანია ბუნებრივია ავტომატურად გაუქმდება. როგორც ჩანს სწორედ ეს აქვთ მიზნად“ - განაცხადა ბარბაქაძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოყვანილ ფაქტებს, „ქართული ოცნებისთვის“ სატრანსპორტო საშუალებით მომსახურებასთან დაკავშირებით, ბარბაქაძე განმარტავს, რომ „ბურჯი“ სატრანსპორტო მომსახურებას ბევრ კომპანიას უწევს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებსაც, რაც ბუნებრივია ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება.
„ვინც გვიხდის ყველას ვემსახურებით. ესენი კი ამბობენ, რომ ეს უსასყიდლო შემოწირულობაა. საუბარია სამი დღის განმავლობაში გაწეულ მომსახურებაზე, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს. დაჯარიმებაც სამი დღის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ესენი კი, ჩვენს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო ღირებულებას ათზე ამრავლებენ და შემოწირულობად იმას გვითვლიან“ - განმარტა ბარბაქაძემ.
მისივე თქმით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ თითქოს კომპანიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების ოფისებში რემონტი გააკეთეს და დოკუმენტაციაში არასწორი ფასი მიუთითეს.
„გვაქვს ყველანაირი საბუთი, რომ ეს ტყუილია, მაგრამ დღეს მისი დამტკიცება სასამართლოში შეუძლებელია. სავარაუდოდ, დახარჯული თანხა აიღეს, ათზე გაამრავლეს და იმით გვაჯარიმებენ როგორც ვხვდები“ - განმარტა მერაბ ბარბაქაძემ.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ბურჯის“ საბანკო ანგარიშებს და ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „ბურჯმა“ 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, „მენეჯმენტ სერვისმა“ პარტიებისთვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა. კომპანია ოფიციალურ დოკუმენტაციას აყალბებს, შავ ბუღალტერიას აწარმოებს და ოფიციალურად რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს აჩვენებს.

















