პარლამენტმა კანონპროექტი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების
დარღვევითა და გაუმჭვირვალედ მიიღო.
ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.
საიას განმარტებით, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ კანონპროექტის განხილვაში და საკანონმდებლო ორგანოსთვის საკუთარი მოსაზრებები წარედგინათ.
„აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, რაც გულისხმობს მისი განხილვის დასრულების შესაძლებლობას ერთი კვირის ვადაში. თუმცა, დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა პარლამენტს არ ათავისუფლებს საკომიტეტო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისგან“ - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი რეალურად განიხილა და მიიღო ორი დღის ვადაში, რაც „თავისთავად ძალიან მცირე ვადაა საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზისა და შესაბამისი დისკუსიის გამართვისთვის“.
„ამასთან, მეორე და მესამე საკომიტეტო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობამ თავისთავად შეზღუდა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესებში, რაც ნეგატიურად უნდა იქნეს შეფასებული“ - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ საიამ პარლამენტს მოუწოდა თავი შეეკავებინა ამ კანონპროექტის მიღებისგან, რადგან, არასამთავრობოს შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე გუშინ დაჩქარებული წესით, 86 ხმით 0–ს წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონით პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის კანცელარიის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მიღებული ცვლილებით, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, აღნიშნული შესაძლებლობები მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.

















