ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ბურჯის“ საბანკო ანგარიშებს და ქონებას ყადაღა დაადო.
ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შპს „ბურჯის“ და შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონთან“ შესაბამისობის თაობაზე რწმუნების მისაღებად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნული კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას სწავლობს.
განცხადების თანახმად, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, ასევე, კომპანია თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციის თანახმად „მენეჯმენტ სერვისმა“ პარტიებისთვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა.
„შპს „ბურჯი“ პარტიულ ოფისებში ასრულებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა, აყალბებს ოფიციალურ დოკუმენტაციას, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და ოფიციალურად აჩვენებს რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს“- აცხადებენ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ შპს „ბურჯის“ მიერ კონტროლის პალატაში წარმოდეგნილ დოკუმენტაციაში, აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ წარდეგნილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან და შესაბამისად, იძლევა იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეული ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
„რადგან აღნიშნული ფაქტი შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ნიშნებს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება“- ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, შპს „ბურჯმა“ 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.
მათივე ცნობით, ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა სამართლებრივი რეგირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისამდე პერიოდში, კვლავ შეიძინა 54 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.
„ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ხალხის გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ბურჯი“, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, მას საქართველოში წარმოადგენს და უშუალოდ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი.
მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია მილიონობით აშშ დოლარის დაფინანსებას იღებს, როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან ასევე კახა კობიაშვილისაგან. საბანკო გადარიცხვებში კი - პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანა CHISTA ENTERPRISES LIMITED-ის მეშვეობით ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხა შპს „ბურჯს“ მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს „ბურჯმა“ კი, თავის მხრივ, თვალთამქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა.

















